ელმავალმშენებელი ქარხანა 80%-იანი „სეილით“ გაიყიდა, მყიდველის ვინაობა გასაიდუმლოებულია

ელმავალმშენებელი ქარხანა გასხვისდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია  „თბილის ტრანსფერი“ მზად იყო ქარხნისთვის პროფილი შეენარჩუნებინა, ინვესტიცია ჩაედო და ყველა დავალიანება დაეფარა, ქარხანა თავისი მიწის ფართობებითა და დანადგარებით აუქციონზე გაიტანეს და 80%-იანი ფასდაკლებით გაყიდეს.

ქარხანა, საბოლოოდ 19.5 მილიონ ლარად გაიყიდა, არადა, მისი  ღირებულება 97.6 მილიონ ლარს შეადგენდა.  „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი ირაკლი ჭითანავა მზაობას აცხადებდა ინვესტირებისთვის, პროფილის შენარჩუნებისა და უნიკალური ქარხნის ამოქმედებისთვის. უფრ მეტიც, შეთანხმებაც კი არსებობდა ელმავალმშენებელი ქარხნის დამფუძნებელთან – კომპანია „ლოკოტრანსთან“, აქციების შეძენაზე, თუმცა, ქარხანა აუქციონზე აღმოჩნდა.

ქარხანას თბილისში, გურამიშვილის გამზირზე 22 ჰექტარის უძრავი ქონება და მანქანა-დანადგარები გააჩნია.

პარალელურად, აუქციონამდე ერთი დღით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელმავალმშენებელ ქარხანათან დაკავშირებით,  შპს თბილისი ტრანსფერის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.  სასამართლომ  შპს „თბილისი ტრანსფერის“ სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიასა და Loko Trans Company LTD (ლოკო ტრანს კომპანის) შორის, 2022 წლის 16 მარტს დადებული აქციების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება #1, ფასიანი ქაღალდების რეესტრში დაარეგისტრირა. გადაწყვეტილების შედეგად შპს თბილის ტრანსფერი გახდა სს ელმავალმშენებლის აქციათა 87% მესაკუთრე.

კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებდა, რომ კომპანია  ელმავალმშენებელი ქარხნის  ქონების გასხვისების აუქციონის შედეგების გადაუქმებლად სს დავას იწყებდა.

 

მსგავსი თემები