ბავშვი როცა იპოვეს თბილი იყო, თუმცა, ვერ გადაარჩინეს – ტრაგედია თბლისში

კრიმინალისტები დიდ დიღომში ამ დრომდე მუშაობენ. 12 წლის გოგონას ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. როცა გოგონა იპოვეს, ის ჯერ კიდევ თბილი იყო.

როგორც ცნობილია, ბავშვს სხეულზე, ყელის არეში გარკვეული დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც ბავშვის ბაბუა აცხადებს, ანას 21:00 საათიდან ეძებდნენ. ბავშვის პირად ნივთს – ტელეფონს კი ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

„12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილია, დავიღუპეთ. გამოვიდა საღამოს ნათესავთან ერთად, ისეირნეს და როცა სახლში ბრუნდებოდა, ეს უბედურება დაგვემართა. კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ, რაღაც ვერსიები არსებობს. ცხოვრებას აზრი არ აქვს. დაზუსტებით ვერც იმას ამბობენ ვინმემ იძალადა თუ რა მოხდა. ნათესავი ბავშვი სახლში ამოვიდა და ანა კი ამ მიდამოების გავლით მოდიოდა სახლში. რომ მოვედით ადგილზე, სადაც ბავშვი იპოვეს, ანა თბილი იყო. ახალი გარდაცვლილი იყო, ვერაფერი ვუშველეთ. ახლა ვეძებთ მის პირად ნივთებს, ტელეფონს, იქნებ სადმე ეგდოს“ – აცხადებს ბავშვის ბაბუა.

ანა 186-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. გოგონა გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერაფერი უშველა.

12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები