საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების განზრახ დაზიანებისთვის ჯარიმა წესდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“  შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

კანონპროექტით პასუხისმგებლობა წესდება ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, როგორიცაა მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტების, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, გარესამეთვალყურეო კამერების განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ქმედებები გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.

„მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

 

მსგავსი თემები