,,რუსეთის პრეზიდენტი დამარცხდა”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის მალე დასრულების შანსი.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ფსონი დაყოფაზე დადო და მიიღო აბსოლუტურად საწინააღმდეგო.

„გასულ წელს თუკი გადახედავთ, დაინახავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დამარცხდა. მან ფსონი დაყოფაზე დადო და მიიღო აბსოლუტურად საწინააღმდეგო. უკრაინა და ევროკავშირი ერთიანია როგორც არასდროს. ომის შედეგად უკრაინასა და გერმანიაშიც შექმნილი ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ბევრი რამე შევძელით საკმაოდ წარმატებულად. რამდენიმე თვეში ჩვენ რუსეთის ენერგიისგან დამოუკიდებლები გავხდით, ჩვენ გვაქვს საკმარისი გაზი და ნავთობი, ეკონომიკა არ განიცდის ღრმა რეცესია და ჩვენ მივიღეთ ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი. ამისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. უკრაინისთვის გაღებულმა დახმარებამ შეადგინა 14 მილიარდ ევროზე მეტი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერის კუთხით. მე მესმის, თუკი ეს ვინმეს ადარდებს, თუკი ზოგიერთი ჩვენი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი იმ პრინციპის დაცვა, რომლითაც ჩვენ თავიდანვე ვხელმძღვანელობდით. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან სრული კოორდინაციითა და ჰარმონიით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს ომი არ გადაიზარდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტში. გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება მომავალში. ომს არ ახანგრძლივებს ჩვენი იარაღის მიწოდება, სიმართლე სრულიად საწინააღმდეგოა. რუსეთის პრეზიდენტი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის მალე დასრულების შანსი. ეს პუტინის ხელშია, მას შეუძლია ამ ომის დასრულება“, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები