,,თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი”- სალომე ზურაბიშვილი

,,თბილისი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი, საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია. ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები. დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობისა და სიახლოვისა, რაც ამ დროშებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას და განწყობას გაგვიზიარებენ. თბილისი კი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი, საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება. ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე, ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები