,,საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი, ცდილობს, გაამართლოს ვითომ დაბალანსებული პოზიცია”- პრეზიდენტი

,,არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია საკუთარი თავი,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

,,ამ მოცემულობაში არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი. გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ. რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი. რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, წუხს, რომ კიევში საქართველო მხოლოდ ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად, მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის საზღვრები და ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები