,,არ ვაპირებთ მოთმენას და ატანას, რომ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ყველაფერს”- შალვა პაპუაშვილი

ჩვენ არ ვაპირებთ მოთმენას და ატანას, რომ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ყველაფერს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტსა და უკრაინის რადას შორის ურთიერთობა არის ყველაზე თბილი და მეგობრული.

„პოზიცია არის შემდეგი – ჩემს უკან დგას საქართველოს დროშა, ჩემს უკან არის საქართველოს გერბი, თქვენ როგორც ამ პარლამენტის წევრს, ფიცი გაქვთ დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე, თქვენ ფიცი გაქვთ დადებული ერთადერთი ქვეყნის, საქართველოს წინაშე. როდესაც თქვენს ქვეყანას აბრალებენ, მიდის დეზინფორმაციული ტალღა, დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, მწამებელს ეძახიან წამებულს, აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას, სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას, თქვენ, პირადად ანა ნაცვლიშვილი რომ ისმენთ ამას და არაფერს ამბობთ, ამით არღვევთ ფიცს ამ დროშის, გერბის წინაშე. ამიტომ, ერთადერთ რამეს გთხოვდით, ის ფიცი რომელიც დადებული გაქვთ ამ დროშის, ამ გერბის და ამ ქვეყნის წინაშე, ამ ფიცის მიხედვით იხელმძღვანელეთ თქვენც და თქვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც. თუ ასე იხელმძღვანელებთ და სხვას  ნიადაგს არ მისცემთ, არც ასეთი ბრალდებები იქნება.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტსა და რადას შორის ურთიერთობას, ეს არის ყველაზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ საქართველოს პარლამენტმა იმ ვიზიტებით, რომელიც აქ განხორციელდა. თქვენც იყავით მოწმე და მონაწილე, ჩამოვიდნენ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები ბავშვებთან ერთად, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი ვიზიტით იქ, მათი ვიზიტით აქ, დავამტკიცეთ, როგორი მეგობრობა გვაქვს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს საკითხები გამჟღავნდა არა უკრაინის რადას რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, არამედ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან, რომელთაც ფიცი აქვთ დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ეს ერთადერთ რამ გვაჩვენებს, როგორ უყურებთ ჩვენს ქვეყანას, როგორ უყურებთ უკრაინას. ჩვენ არ ვაპირებთ მოთმენას და ატანას, რომ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ყველაფერს. თქვენ ამას იტანთ, რადგან ვერ აცნობიერებთ იმ ფიცის ძალას, რომელიც გაქვთ დადებული. ნუ იღელვებთ, როგორი ურთიერთობები არის ჩვენს შორის. გუშინ კომუნიკაცია იყო კიდევ ერთხელ რადაში კოლეგებთან, ისინიც გაკვირვებული არიან, რატომ მოხდა ასეთი აჟიოტაჟი საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები