უკრაინელებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ

ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი პრემიერ მინისტრს მიმართავს, მთავრობის დადგენილება №255-ში ცვლილება შეიტანოს. საუბარია უკრაინის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადის გახანგრძლივებაზე.

„2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად- ათიათასობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყნის ტერიტორია. ოფიციალური მონაცემებით 2022 წელს 200 000-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს აქვს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი და ათასობით უკრაინის მოქალაქე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინაში ომის დაწყებიდან ფაქტობრივად გასულია 1 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით უკრაინის მოქალაქე დგება საქართველოს დატოვების საფრთხის წინაშე, მაშინ როდესაც ისინი ვერ მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში უკან დაბრუნებას“ – აცხადებს ალიანსის თავმჯდომარე, ირაკლი კაჭარავა.

დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარის თქმით, საქართველოდან გასვლა მათთვის სიცოცხლის რისკის შემცველია.

„ჩვენი კლუბის და ალიანსის ერთობლივი ინიციატივით საქართველოს პრემიერ მინისტრს გაეგზავნა მიმართვა საქართველოს მთავრობის დადგენილება №255-ში ცვლილების შეტანის თხოვნით. ცვლილება გულისხმობს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების უვიზოდ დაყოვნების ვადის ერთი წლით გაგრძელების საკითხს. აღნიშნულ ინიციატივას ასევე მიეცა პეტიციის სახეც და ჩართულია ხელმომწერის პროცესიც, საზოგადოებას მოვუწოდებთ შემოუერთდნენ აღნიშნულ ინიციატივას და პეტიციაზე ხელმოწერით დაადასტურონ უკრაინის მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა“, – ნათქვამია ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარის მარიკა არევაძის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები