როგორია საგარეჯოში, სროლის შედეგად დაჭრილთა მდგომარეობა

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი ერთი პაციენტი “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკიდან გაწერეს. კიდევ ერთი პაციენტის გაწერა კი უახლოეს დღეებში იგეგმება.

კვლავ მძიმეა 24 წლის დაჭრილის მდგომარეობა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები