,,თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული”- პენიტენციურმა ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ აბრამიშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სხდომიდან აცილებულ იქნეს თარჯიმანი ლევან მეტრეველი, თუმცა მოსამართლემ  მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ აბრამიშვილის განცხადებით, სხდომის შემდგომ ლევან მეტრეველი ხშირად აფიქსირებს საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს.

„ლევან მეტრეველი, რომელიც პროცესებზე თარჯიმნად მონაწილეობს, განცხადებებს ჰქონდა ადგილი. მათ შორის განცხადებები ეხებოდა პენიტენციურ სამსახურს და მის წარმომადგენლებს. ვფიქრობთ, თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული და შესაბამისად, არსებობს აცილების საფუძველი“, – განაცხადა პენიტეცნიური სამსახურის წარმომადგენელმა.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ლევან მეტრეველი სათარჯიმნო ბიუროდან არის წარმოდგენილი და ოფიციალური დოკუმენტებით ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

„მხარე არ არის. იგი გაფრთხილებულია ცრუ თარგმნის ან არასწორი თარგმნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით თქვენ მიერ და თუ უკანონობას ექნება ადგილი, დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მხარეს არ დაუსახელებია არცერთი არგუმენტი, რომ არასწორად ან მიკერძოებულად თარგმნის“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ ლევან მეტრეველისგან მიიღო პირობა, რომ ვიდრე ყველა უცხოელი მოწმის დაკითხვა არ დასრულდება, ის თავს შეიკავებს საქმეზე საკუთარი პოზიციების გამოთქმისგან.

სხდომაზე ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ლევან მეტრეველის თარგმნის ხარისხთან და სიზუსტესთან დაკავშირებით, შენიშვნა ან პრეტენზია არავის აქვს.

მსგავსი თემები