მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, კლინიკის ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა ”იმედის” ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა გაითვალისწინა.

ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ექიმის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის.

ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

მსგავსი თემები