მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ილია იაშინს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაშინს გათავისუფლების შემდეგ ვებგვერდების ადმინისტრირება ოთხი წლით აეკრძალება. მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

როგორც მედია წერს, „სამხედრო ფეიკების“ შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ ეს ამ მუხლით გამოტანილი ყველაზე მკაცრი განაჩენია.

„ჩვენ ვლაპარაკობდით სიმართლეს სამხედრო დანაშაულებზე და სისხლისღვრის შეჩერებას ვითხოვდით. საპასუხოდ კი ვისმენდით ცივი ომის დროინდელ ლოზუნგებს, რომლებსაც ახმოვანებდა პროკურორი“, – ნათქვამია პოლიტიკოსის „ტელეგრამ“ არხზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იაშინის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 7 აპრილს თავისი იუთუბარხის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და თავის გამომწერებს აჩვენა „ბიბისის“ სიუჟეტი ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ.

მსგავსი თემები