,,დიეგო მარადონას ძალიან მოეწონებოდა, რადგან განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა,”- ასე აფასებს დიეგო მარადონას შვილი საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას.
უმცროსი დიეგო მარადონა იმედოვნებს, რომ ქართელი ფეხბურთელი „ნაპოლში“ დიდხანს დარჩება.
„ვიცოდით, რომ ხვიჩა ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პირველივე სეზონში, იტალიის სერია A-ში, გუნდში თამაში რომელსაც სკუდეტოს მოგება უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, ადვილი არაა.
ამიტომ მისგან წინსვლას უფრო პატარა ნაბიჯებით ველოდით, მაგრამ მალევე დაამტკიცა, რომ უძლიერესია. საოცარი თვისებებით გამოირჩევა. მან თავისი შედეგით და თამაშით აჩვენა, რომ მაგარი ფეხბურთელია. ის მოედანზე ლიდერი გახდა, რადგან დაამტკიცა, რომ განსხვავებულია. ამის მოპოვება მხოლოდ მოედანზეა შესაძლებელი.
პირადად ჯერ ვერ გავიცანი, მაგრამ Instagram-ის მეშვეობით რამდენჯერმე ერთმანეთს დავუკავშირდით. იტალიური უნდა ისწავლოს, რადგან მე არც ინგლისური მესმის და არც ქართული. იმედი მაქვს, „ნაპოლში“ დიდხანს დარჩება, რადგან საოცარი ფეხბურთელია. დიეგო მარადონას ძალიან მოეწონებოდა, რადგან განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა.
პირადად მას ვეტყოდი, რომ „ნაპოლში“ დიდხანს დარჩეს, აქ თავს კარგად იგრძნობს.“ – განაცხადა უმცროსმა დიეგო მარადონამ „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში.