ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრავე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრავე ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.

ბრალდების მხარე ითხოვდა, მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩენილიყო, რადგან პროკურორების განმარტებით, კვლავ არსებობს საფრთხეები, მათ შორის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების.

ბრალდებულთა ნაწილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მათ არც წინა საგამოძიებო პერიოდის დროს უცდიათ მიმალვა ან მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, ისინი არ აპირებენ იმგვარი ქმედების ჩადენას, რაზეც პროკურორებმა სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრეს.

კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის განცხადებით, ჯერ კიდევ პირველივე დაკითხვისას განაცხადა, რომ გამოძიებას მისი დაკავება მოუწევდა. ასევე, ლაშა ფურცხვანიძე ფიქრობს, რომ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს იმ ბრალდებულთა ნაწილს, რომლებიც გარკვეულ ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებდნენ. სასამართლო სხდომაზე ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა მას ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრის უფლებას უზღუდავს. ბრალდების მხარემ კი, სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა ახსნა იმით, რომ არ მოხდეს მოწმეებზე ზემოქმედება.

ასევე, კიდევ ერთმა ბრალდებულმა, „მშენექსპერტის“ წარმომადგენელმა დავით თუშიშვილმა განაცხადა, რომ მის დაკავებას რაიმე საფუძველი არ ჰქონია და არც მის კომპანიას ჰქონდა უფლება, შადრევნის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით გაეცა რაიმე დასკვნა, რომლის გაყალბებასაც გამოძიება ედავება.

სასამართლო სხდომა დღეს ბრალდების მხარის მოთხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა, რადგან პროკურატურამ საგამოძიებო პროცედურების ჩატარებისთვის წინასასამართლო პროცესის თარიღის გახანგრძლივება მოითხოვა. ბრალდების მხარის ცნობით, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. შესაბამისად, მხარეების ცნობით, წინასასამართლო სხდომის თარიღის გახანგრძლივების საკითხზე მსჯელობასთან ერთად, ამავე პროცესზე კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოხდეს ბრალდებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დამატებითი ექსპერტიზის დასკვნები ბრალის დამძიმების საფუძველი გახდეს. ასევე, ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, სხვა პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოძიებამ ცხრა პირი დააკავა, რომლებსაც სამსახურებრივ გულგრილობას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამშენებლო წესების დარღვევას ედავებიან.

მსგავსი თემები