,,ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით მერიას არც ერთი არაკანონიერი ნაბიჯი არ გადაუდგამს”- კახა კალაძე

,,დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი იქნება ცხადი, რა იყო პრობლემა, რამ ვერ იმუშავა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რატომ მოხდა ტრაგიკული და უბედური შემთხვევა,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით მერიას არც ერთი არაკანონიერი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

,,პროექტში რაც იყო მოცემული, აბსოლუტურად ყველაფერი შესაბამისად იქნა გაკეთებული. ჩემთვის გაუგებარი იყო, როდესაც პირველივე დღეებში საპროექტო კომპანია საუბრობდა, თითქოს ჩაძირული ტუმბოები არ უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთ მაგალითად მომყავს ეს, რაც ძალიან მენიშნა და ჩემთვის, თითოეული თანამშრომლისთვის გაუგებარი იყო, თითქოს ჩაძირული ტუმბოები შადრევანში არ უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ამოიღოთ პროექტი, ის ხელმისაწვდომია, სადაც თეთრზე შავით წერია, რომ არსებული პროექტის განხორციელებისას მოცემული იყო ჩაძირული ტუმბოები. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდა ისე, როგორც პროექტში იყო გათვალისწინებული. პროექტში იყო ერთი ცვლილება, რაც დამპროექტებლებთან შეთანხმებით განხორციელდა. მერიას არაკანონიერად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყველაფერი იყო გაკეთებული კანონის შესაბამისად.

ყველაფერი გამოიკვეთება გამოძიების შედეგად. წინასწარ რაიმე განმარტებების გაკეთება, ვარაუდები არასწორი იქნება, მით უმეტეს ჩემი მხრიდან, ადამიანისგან, რომელიც დაინტერესებულია, გაირკვეს სიმართლე. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი იქნება ცხადი, რა იყო პრობლემა, რამ ვერ იმუშავა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რატომ მოხდა ტრაგიკული და უბედური შემთხვევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები