,,ვერც ერთი დემაგოგიური განცხადება ვერ გადაფარავს იმ სამარცხვინო პოზიციას, რომელიც იყო ევროსაბჭოში საქართველოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი”- დეკანოიძე

„ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო უმნიშვნელოვანესი ისტორიული რეზოლუცია“,- ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას  განაცხადა.

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უმრავლესობის განცხადებები დღეს ვერ გადაფარავს პოზიციას, რომელიც იყო ევროსაბჭოში საქართველოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი.

„რეზოლუცია რეალურად აცხადებს შემდეგს: პირველი, რომ პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული სახელმწიფო, ტერორისტული რეჟიმი, რომელიც რეალურად სჩადის საერთაშორისო გენოციდს და დანაშაულებს უკრაინაში. მეორე – საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელმაც რეალურად სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა  მისცეს ყველა ის დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე.  გარდა ამისა, რეზოლუციაში, რომელსაც თქვენ არ მიეცით ხმა, დაფიქსირებული იყო საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია ღიად მოუწოდებს რუსეთს, რომ დატოვონ საქართველოს და მოლდოვის ტერიტორია. თქვენ შეგეძლოთ მარტივად წინააღმდეგ მიგეცათ ხმა იმ შესწორებისთვის, რომელიც რეალურად თქვენ არ მოგწონდათ, შესწორებისთვის, რომელსაც ხელი მოაწერა არა მხოლოდ ხატია დეკანოიძემ ან უკრაინის წარმომადგენლებმა, არამედ ხელი მოაწერა 35-მა დეპუტატმა, იმ დელეგაციის წევრებმა, რომლებსაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ.  შვედებმა, ნორვეგიელებმა, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელებმა, ლატვიელებმა და ასევე დაგეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმოჩენა და პოზიცია ყოფილიყო ღირსეული. ამიტომ, ვერც ერთი დემაგოგიური განცხადება რაც არ უნდა ისაუბროთ,  დღეს ვერ გადაფარავს იმ სამარცხვინო პოზიციას, რომელიც იყო ევროსაბჭოში საქართველოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი“, – მიმართა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

 

მსგავსი თემები