„სპორტი გამოეყოს კულტურას და შეწყდეს პროფესიონალების დევნა“ – სპორტული სამყარო ხმაურიანი განცხადებისთვის ემზადება (ექსკლუზივი)

„უსისტემობა, სპორტში კვალიფიცირებული კადრების დევნა, არაკომპეტენტურობა და სპორტულ საზოგადოებასთან დისკომუნიკაცია არის იმის მიზეზი, რომ ქართული სპორტი დღეს “მე-5 ბორბლის” და არასასურველი “მდგმურის” პოზიციაშია“ – ასეთია სპორტული სამყაროს დამოკიდებულება დღეს არსებულ რეალობასთან.

ინფორმაცია, რომელიცმედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად მიაწოდეს, ეკუთვნის ქართული სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ვეტერან სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, სპორტულ ფედერაციებსა თუ დარგობრივ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რიგითი გულშემატკივრებსა და სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებს.

„2017 წლიდან მოყოლებული, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოშლის, ე.წ. “რეფორმებით” და პერმანენტული “რეორგანიზაციებით” შენიღბული ექსპერიმენტებით აღსავსე სპორტზე პასუხისმგებელი სამინისტროების მხრიდან დამოკიდებულება, სამწუხარო რეალობად იქცა. უსისტემობა, სპორტში კვალიფიცირებული კადრების დევნა, არაკომპეტენტურობა და სპორტულ საზოგადოებასთან დისკომუნიკაცია არის იმის მიზეზი, რომ ქართული სპორტი დღეს “მე-5 ბორბლის” და არასასურველი “მდგმურის” პოზიციაშია…

უპირველეს ყოვლისა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი საზოგადოების ობიექტური გულისტკივილი და ამავდროულად გონივრული რჩევა ხელისუფლების მიმართ, აღქმული იქნება, როგორც სახელმწიფოებრივად სწორი და სამართლიანი მოთხოვნა. ჩვენ არცერთი დარგის, სამინისტროსა თუ მისი ხელმძღვანელობის, მით უფრო პიროვნების, წინააღმდეგი არ ვართ. არც პოლიტიკური ამბიციები გვამოძრავებს…“ – ასეთია სპორტული სამყაროს პოზიცია, რომელიც ოფიციალურად მომავალ კვირას გაჟღერდება და სადაც მთავარი მოთხოვნა სპორტის სამინისტროს დამოუკიდებლად ფუნქციონირებაა.

 

მსგავსი თემები