საჭიროა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საჭიროების საკითხს აყენებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მეთაურობასთან თათბირი გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრა.

მისივე შეფასებით, რთული ვითარებაა დონეცკის ოლქში, სადაც უკრაინელი მებრძოლები ყველაფერს აკეთებენ მტრის აქტიურობის შესაკავებლად.

„დონეცკის ოლქში რუსეთის შეტევის მუდმივი მცდელობები დიდი ალბათობით ომების ისტორიაში შევა, როგორც საკუთარი სამხედროების ყველაზე ცინიკური მკვლელობა. რუსეთში დაწყებული მობილიზაცია არის ღია მცდელობა, მისცენ ადგილზე წარმოდგენილ მეთაურებს საზარბაზნე ხორცის მუდმივი ნაკადი. მათ იგრძნეს, რომ წააგებენ და ცდილობენ, დრო გადაწიონ და დააყენონ ვინმე იარაღით ხელში დაღუპულების ნაცვლად. სამწუხაროდ, რუსული საზოგადოება ჯერ ვერ აცნობიერებს რუსეთის ხელისუფლების მთელ სისასტიკეს თავისი ხალხის მიმართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ აღიაროს, რომ მისი საკუთარი სახელმწიფო მას  სიცოცხლის უფლებას ართმევს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საჭიროება. „ ეჭვი არ მეპარება, ტრიბუნალი იქნება. პასუხს აგებს ყველა, ვინც გააჩაღა ეს დანაშაულებრივი ომი უკრაინისა და ევროპაში თავისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები