მოქალაქეს, დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება ანონიმურად შეეძლება

  •  

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გასაღრმავებლად, სისტემაში ანონიმური შეტყობინების პლატფორმა დაინერგება. აღნიშნული სისტემით, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, პოლიციას, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ისე მიაწოდოს, რომ მისი ვინაობა ანონიმური დარჩეს.

„მიმდინარეობს ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელთა საშუალებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობა. ეს, საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, პირი რომელიც ფლობს მომხადარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ოპერატიულად საინტერესო ინფორმაციას, ინტერნეტის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე, მიაწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის დანაყოფებს. აღნიშნული, პირის ანონიმურობის სრული დაცვით განხორციელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რადგანაც კონკრეტული დანაშაულის შესახებ  ინფორმაციის მიწოდება ანონიმურად არ ხდებოდა, ბევრი ადამიანი, აღნიშნული შეტყობინებისაგან თავს იკავებდა.

„ეს  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან, ადამიანებს თანამშრომლობა უჭირთ იქედან გამომდინარე, რომ შემდეგ, მათ მოწმის სახით სასამართლოსა და პროკურატურაში სიარული უწევთ. ისინი კი ამ ყველაფერს თავს არიდებენ. ამ შემთხვევაში, ეს მათ აღარ მოუწევთ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მოწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე უსაფრთხოების სამსახურსა და სხვა ძალოვან უწყებებში“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები