„სწორედ ეს არის, რასაც ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყოს ერთიანობას“ – თეთრი სახლის წარმომადგენელი  

„მზად ვართ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ ამ პროცესის განმავლობაში, მაგრამ ამის გასაკეთებლად საჭიროა ერთიანობა. ერთიანობა არის ის, რისიც ავტორიტარებს ეშინიათ, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს წაიყვანს თავისი მისწრაფებისკენ, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა“, – აცხადებს საქართველოში მყოფი  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი.

მისი შეფასებით, ამერიკის საელჩო საქართველოში და პირადად ელჩი კელი დეგნანი ყველაფერს აკეთებს საქართველოს დასახმარებლად და მან დიდი შრომა გასწია.

„მე აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო უკრაინისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რათა გამოვხატო მხარდაჭერა თავად უკრაინის და ასევე საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლა 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენაა. არ არსებობს ავტორიტარიზმის მიერ შექმნილი საფრთხეების იმაზე დიდი ან იმაზე უხეში მაგალითი, ვიდრე რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი, არაკეთილსინდისიერი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ ყველა აქ ვატარებთ უკრაინის სიმამაცის მხარდაჭერის სულისკვეთებას“ – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისივე შეფასებით, ქართველებისთვის უცხო არ არის, რასაც უკრაინელები განიცდიან, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მესიჯის კიდევ ერთხელ გამეორება: პირველი არის სოლიდარობა ქართველების მიმართ ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი სწრაფვაში. ჩვენ ბევრი ჩავდეთ ამაში. ჩვენ ვართ ამ პროცესის პარტნიორები და ასევე, მინდა აღვნიშნო და შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში და ელჩი დეგნანი და მისი გუნდი, რომელიც ურთიერთქმედებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნეს ლიდერებთან, ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან, რათა გაამყაროს ერთიანობა. ვაშინგტონიდან მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მან და მისმა გუნდმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყოს ერთიანობას და ამაში ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი აქვს. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა“ – აღნიშნა სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა მედიასთან.

„არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, არ ვიცი როდის გაჩნდება კიდევ ასეთი შანსი“ – თეთრი სახლის წარმომადგენელი

მსგავსი თემები