ზაზა პაპუაშვილი ანრი ოხანაშვილის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობას მხარს არ დაუჭერს

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ზაზა პაპუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ პირებს ოხანაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, ეს მისი პირადი პოზიციაა და მმართველ გუნდში ვინმესთან დაპირისპირებად არ უნდა იყოს გაგებული.  

“არასოდეს არავის ვუმტკიცებ ჩემს სიძლიერეს, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ქვეყანა, ყველაზე შეუმცდარი ვარ. მე და უამრავი ადამიანი პოლიტიკაში მოსული ვართ ერთი რამის გამო, რომ ძალიან მინდა იმ ჯანსაღ პროცესებში მივიღო მონაწილეობა, რაც დღევანდელ ყოფას უკეთესობისკენ შეცლის. მერე მივხვდი, რომ ეს უფრო რომანტიზმის ნაწილი იყო და ბევრი რამ ასე იოლად არ იცვლება. გუნდის რომელიმე წევრთან პირადი დაპირისპირება არ მაქვს. შეიძლება მე მქონდეს ძლიერი არგუმენტი ზოგჯერ, შეიძლება სხვას ჰქონდეს. ამიტომ შემიძლია ზოგჯერ შევიცვალო ჩემი ფიქრი და აზრი, თუ უკეთესს არგუმენტს მოვისმენ, მაგრამ ცხვარივით არავის გავყვები. გუნდში არის თემები, როდესაც უმრავლესობა ძალიან მალე თანხმდება, მათი ფიქრები და აზრები ემთხვევა და მალე გავდივართ ამ თემებს. არის ისეთი თემები, სადაც განსხვავებული ხედვები გვაქვს. ეს იწვევს ვნებათაღელვას, ცხარე კამათს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ყველა კარგად ხვდება ვის რა ალაპარაკებს და რატომ. მე არ მივიღებ მის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ეს არის ჩემი პოზიცია და არ ნიშნავს ვინმესთან დაპირისპირებას”, – განაცხადა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა “მთავარში”.  

მისი აზრით, პოლიტიკოსის გონიერება იმაშია, რომ როცა დაინახავს რაღაც საკითხს საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვება, კომპრომისი მონახოს და ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.  

პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეკა ბესელია გადადგა. კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე დავით მათიკაშვილი ასრულებს. კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი უკვე შეტანილია პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

მსგავსი თემები