ფოთის ნავსადგური მალე 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემებს მიიღებს

ფოთში, 25 ჰა მიწის ფართობზე, ახალი საზღვაო ტერმინალი მოეწყობა და აკვატორიის სიღრმე 12 მეტრამდე გაიზრდება. ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პროექტის საერთო მოცულობა 120 მილიონი აშშ დოლარია და ორ ფაზას ითვალისწინებს. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან 50 მილიონ აშშ დოლარს ამერიკის შეერთებული შტატების კერძო, უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) გამოყოფს.

მათივე ინფორმაციით, პროექტს კომპანია „პეის ჯგუფი“ განახორციელებს, რომელიც რეგიონში უდიდესი სატრანსპორტო კომპანიაა და საზღვაო სააგენტოს, საბროკეროს, ლოჯისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს აერთიანებს.  

როგორც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, OPIC–ს საქართველოში თითქმის 600 მილიონი აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული, რაც 60-მდე პროექტს მოხმარდა. რაც შეეხება „პეის ჯგუფს“, პრემიერის თქმით, მას ამ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  

„ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში. “მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონული ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყება და დასრულდება მშენებლობა.

მსგავსი თემები