„ოდესისთვის რაკეტის სროლა გუტერეშისა და ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს“ – უკრაინული მხარის განცხადება

ოდესაში რუსული რაკეტების ჩამოგდებას უკრაინული მხარე ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს იგივეა, რაც პუტინის მიერ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებაა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რაკეტების წვიმა სწორედ მას შემდეგ განხორციელდა, რაც სტამბოლში უკრაინიდან მარცვლეულის გატანაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა.

„რუსეთის ფედერაციას ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმისთვის 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რათა ეჭვქვეშ დადგეს გუშინ სტამბოლში გაფორმებულ დოკუმენტში გაერო-სა და თურქეთისთვის მიცემული შეთანხმებები და დაპირებები. ოდესისთვის რუსული რაკეტების სროლა ვლადიმერ პუტინის მიერ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გაწიეს შეთანხმების მისაღწევად. უკრაინა ხაზს უსვამს შავი ზღვის სამი პორტიდან (ოდესა, ჩერნომორსკი და იუჟნოე) უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმებების მკაცრი შესრულების აუცილებლობას“, – აცხადებს პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა  ოდესის ნავსადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

 

მსგავსი თემები