,,საინტერესოა, აშშ-ის ელჩისგან მივიღოთ მკაფიო პასუხი, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, რომელზეც საუბრობს მოსამართლე”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  აშშ-ის ელჩისგან ელოდებოდა მკაფიო განმარტებას და იმ ბრალდების უარყოფას, რომელზეც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ისაუბრა. მისივე განმარტებით, საინტერესოა გაეცეს მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა და განხორციელდა თუ არა ზეწოლა მოსამართლეზე.

„სასამართლო რომ ზეწოლისგან თავს იცავს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამას რეალურად, ობიექტურად ვერავინ ვერ დაარქმევს ვინმეს წინააღმდეგ კამპანიას. თუ სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტს წარმოადგენენ მოსამართლეები და შესაბამისად, როდესაც ისინი თავს იცავენ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკური გაგრძელება.

რაც შეეხება თვითონ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, მე ველოდი მკაფიო განმარტებას და უარყოფას იმისა, რომ ასე ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როდესაც აგორებული იყო კამპანია ამ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან არავინ ამას არ იკადრებდა და შესაბამისად, ამერიკის ელჩისგან ველოდით სწორედ ასეთ პასუხს, რომ ის დარწმუნებული იყო, ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია. შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა ეს არ მოვისმინეთ, რაც არის ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი.

კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, რომელზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე. ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ განხორციელდა კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა ქართველ მოსამართლეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები