,,გოგაშვილი მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მხილების პროცესი 2 წელი არ იჭიმება ხოლმე”- ნიკა გვარამია

,,არ ვიცი რას გამოაქვეყნებს გოგაშვილი და რას არა, მაგრამ აქამდე იგი მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მხილების პროცესი 2 წელი არ იჭიმება ხოლმე, 2 წელი იჭიმება ვაჭრობის პროცესი,”- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, სოსო გაგაშვილზე საუბრისას განაცხადა.

,,მთავარი არხის” დამფუძნებლის თქმით, არსებობს ძალიან მაღალი რისკი უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველმა კადრებმა ,,გაჟონოს”.

,,რისკი არის ძალიან დიდი ამ საქმეში, რისკი იმისა, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი, არა მხოლოდ პირადი საუბრები, არამედ ის რაც გვესმის, ინტიმური ცხოვრება მათ შორის, აი ეს ყველაფერი მოაგროვოს სუს-მა, დააბრალოს გოგაშვილს. რამდენიმე აღიარება ექნება, იმიტომ, რომ ტექნიკისა და აგენტურის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა, ეს ხალხი წავა მხილებაზე გოგაშვილის და დადებს საპროცესო შეთანხმებას, ეს მასალები დაერთვება საქმეს და მერე “გაჟონავს” სასამართლოს არქივიდან, ამის რისკი არის ძალიან მაღალი”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით აქვს წარდგენილი.

მსგავსი თემები