,,მათთვის მთავარი ინტერესია არა ევროპა, არა საქართველო, არამედ ძალაუფლების დაბრუნება“- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროკომისიის იმ რეკომენდაციაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს.

ასევე, განიხილეს უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონიც.

„დღეს გვქონდა პირველადი შეხვედრა. ამ პროცესის ხელმძღვანელი იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე. დეოლიგარქიზაციის საკითხი საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით არის რეკომენდაციებში. უკრაინის შემთხვევაში, რეკომენდაციებში საუბარია არსებული კანონის იმპლემენტაციაზე, ვინაიდან, უკრაინაში ეს კანონი მიღებულ იქნა შარშან შემოდგომაზე და მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. ამიტომ, რეკომენდაცია არის იმპლემენტაცია. აქედან, ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით ვივარაუდოთ, რა შეიძლება, იგულისხმებოდეს ჩვენი რეკომენდაციის შემთხვევაში. ასევე, განვიხილეთ უკრაინული კანონი, მისი პრინციპები, როგორ მოქმედებს, რა კრიტერიუმებია. მას აქვს უპირატესობა იმ კუთხით, რომ მოწყვეტილია ქართულ პოლიტიკურ სუბიექტივიზმს და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ამ ტერმინმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა პოლიტიკაში გამოიწვია ამ ტერმინის ინსტრუმენტალიზირება. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გააღრმავა რადიკალური ჯგუფების მხრიდან პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანის სურვილი. ეს არის კანონი, რომელიც ქართული პოლიტიკური სუბიექტივიზმისგან მოწყვეტილად უცხოური რეკომენდაციითა და პრაქტიკით არის შედგენილი, რომელიც მოწონებულია, მათ შორის, ევროკავშირი მოუწოდებს, რომ ეს კანონი იქნას იმპელმენტირებული. ამიტომ, კანონის გადმოღება შეიძლება იყოს იმ კუთხით კარგი, რომ არ გამოიწვიოს შემდეგ რაიმე ურთიერთბრალდებები, რომ კანონი ვიღაცას ერგება ან არ ერგება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას თავი აარიდეს.

„გუშინ, თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საჩქაროდ არის საკითხები განსახილველი, დღეს კი ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობასაც კი არ იღებენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, რომ მათთვის მთავარი ინტერესია არა ევროპა, არა საქართველო, არა წინსვლა, არამედ, ერთადერთი მთავარი მიზანია ძალაუფლების დაბრუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები