4 წლის გოგონას გარდაცვალების გამო, 4 სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით, ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბარკალაიას თქმით, შიდა მოკვლევის შედეგად, ისინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა.

“4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობდა შიდა მოკვლევა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და ეს მოკვლევა დასრულებულია, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებული არიან დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ, როგორც დამსაქმებლებმა, ისინი თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და შესაბამისი მასალები შესაბამის უწყებებს მივაწოდეთ დამატებითი რეაგირებისთვის”, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

“თითოეული ჩვენთაგანი ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, მათ შორის მეც, მათ შორის მინისტრიც”,- განაცხადა თამარ ბარკალაიამ

4 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი 22 იანვარს იპოვეს. პოლიციამ იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო დააკავა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმის მიმდინარეობის პროცესში ქალს ბრალი დაუმძიმდეს. 

მსგავსი თემები