,,ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა”- დავით მათიკაშვილი

უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კარგად ახსოვს ზეწოლა და მუქარა, რომელიც „ქართუს“ თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა.

მათიკაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას, პირველ რიგში, მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას.

,,ძალიან მოკლედ მინდა გამოვეხმაურო 2011 – 2012 წლებში „ქართუ ჯგუფიდან“ ადამიანების წასვლის ფაქტს, რაზეც თავის წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მაშინ მეც „ქართუს“ თანამშრომელი ვიყავი და კარგად მახსოვს ზეწოლა და მუქარა, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიმართ ხორციელდებოდა. პირადად მე ქონებაც კი დამიყადაღეს, რაც ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ამ სტრესს რომ ვიღაცამ ვერ გაუძლო, ამისთვის ვერც მე დავადანაშაულებ ვერავის და ეს ადამიანები არც პრემიერს დაუდანაშაულებია. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ის ირაკლი ღარიბაშვილმა წერილში დადებითად მოიხსენია და პროფესიონალად დაახასიათა. „ქართუს“ თანამშრომლებს კარგად ახსოვთ, რომ გიორგიმ ჯგუფი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის შემდეგ დატოვა. მოგვიანებით, მან თქვა, რომ ვიღაცამ „ქართუს“ დატოვება ბიძინა ივანიშვილის სახელით ურჩია. რატომ არ გადაამოწმა გიორგიმ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან, ვერ გეტყვით. თუმცა, ამაში ჩაღრმავების დრო დღეს ნამდვილად აღარ არის, მით უმეტეს, რომ გიორგი პოლიტიკურ პროცესებს ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე შემოუერთდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას, პირველ რიგში, მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას!!!- წერს მათიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრემიერის განცხადებაში ნახსენები „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

მსგავსი თემები