,,ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიცაზიასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ხედვაზე საუბრობს. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს იმაზე, რა არის ოლიგარქის ცნება და ვის მიესადაგება ეს საქართველოში.

კობახიძის განმარტებით, ოლიგარქის ცნება არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს.

„თვითონ კანონი, რა თქმა უნდა, უნდა დაზუსტდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებელ სუბიექტებს, ანუ კონკრეტულ ფორმატში იქნება განხილული ეს თემა. მათ შორის კანონპროექტი, მისი დეტალები და კონკრეტული ვადებიც დავაზუსტეთ ამისთვის. დანარჩენი, დეტალები უნდა დაზუსტდეს სამუშაო ფორმატში ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით. მათ შორის ვთქვით, რომ შეიძლება, უკრაინული კანონიც გამოვიყენოთ ამისთვის.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს იმაზე, რა არის ოლიგარქის ცნება, ვინ არის ოლიგარქი და ვის მიესადაგება საქართველოში ეს ცნება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ოლიგარქის ცნება არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს მარტივი მიზეზის გამო. კლასიკური დეფინიციის მიხედვით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული სოლიდური თანხა და რომელიც არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში  ან ფლობს გავლენას მედიაზე. ეს არის მთავარი კრიტერიუმები ამ კლასიკური დეფინიციის. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც პოლიტიკაშია ჩართული, არც მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში. არ არსებობს არც ერთი ფაქტი ამ კუთხით. შესაბამისად, ბუნებრივია ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება, მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან. ეს არის საერთო სურათი, დანარჩენს, რა თქმა უნდა, სამუშაო ჯგუფი დააზუსტებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები