რუსეთი  ცეცხლს უხსნის უკრაინის სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი  აგრძელებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მობილიზაციას და ცეცხლს უხსნის უკრაინის სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი არ წყვეტს შეტევას აღმოსავლეთით. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები აგრძელებენ გადაჯგუფებას და ქვედანაყოფების ბრძოლის უნარიანობის აღდგენას. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებსა და ანექსირებულ ყირიმს შორის სახმელეთო დერეფანზე კონტროლს ინარჩუნებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 11 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია 8 ტანკი, 11 ჯავშანმანქანა და 5 ავტომობილი. განადგურებულია 14 საფრენი აპარატი.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს პოპასნაიასა და რუბეჟნოეში. ოკუპანტები ცდილობენ, შეუტიონ ქალაქ ლიმანსა და სევეროდნოეცკს.

ამასთან, გუშინ ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, სადაც სხვადასხვა ცნობებით, 20-ზე მეტი შენობა დაზიანდა.მარიუპოლში ვითარება კვლავ რთულია. რუსმა სამხედროებმა განაახლეს ქალაქში მდებარე ქარხანა ,,აზოვსტალზე” შტურმი.

მსგავსი თემები