ძველის მოცილება – ახლის შეძენა; ბოროტის განდევნა – უბედურების აცილება – ჩინეთი ახალი წლისთვსი ემზადება

დღეს ღამე, ჩინეთში ახალ წელს ხვდებიან. კორონაპანდემიიდან გამომდინარე, ზეიმი პომპეზური ვერ იქნება, თუმცა, ჩინელები ახალ წელს ტრადიციულად შეხვდებიან.

ჩინური ახალი წელი მოძრავია, როგორც საქართველოში აღდგომის დღესასწაული. ამჯერად კი, ჩინელებიც ახალი წელი 1 თებერვალს დადგება. ჩინეთში, ახალ წელს ადამიანები ერთმანეთს წითელ კონვერტს ჩუქნიან, რომელიც სიუხვესა და დაცულობასთან ასოცირდება.

ახალი წლის სამზადისთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ საქართველოში ჩინეთის ელჩს ლი იენის ესაუბრა.

ლი იენი: „გაზაფხულის დღესასწაული – ეს არის ახალი წელი, რომელიც ჩინური მთვარის კალენდრით დგება და საიდანაც სიცოცხლის ახალი ციკლი იწყება ბუნებაში. გაზაფხულის დღესასწაული ჩინური კულტურის საუკეთესო ტრადიციებს აერთიანებს. ამ პერიოდში მთელს ჩინეთში ტარდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ძველის მოცილება და ახლის შეძენა, ბოროტი სულების განდევნა და ლოცვით უბედურების თავიდან აცილება, წინაპრების, შინ დროის მშვიდად გატარება ა.შ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩინელებისთვის, რა დროსაც მთელი ოჯახი თავს იყრის, რათა ერთად დაემშვიდობონ ძველს და შეეგებონ ახალს“ – აღნიშნა ელჩმა მედიაცენტრ მთავართან“.

ეპიდემიის მიუხედავად, ჩინეთში საზეიმო განწყობა მაინც იქნება. საზღვრებს გარეთ გასულები კი შინ ბრუნდებიან.

„ეპიდემია ჩინელი ხალხის საზეიმო განწყობაზე ვერ იმოქმედებს. ხალხის უმრავლესობას საშუალება ექნებათ, ადგილობრივი ეპიდსაწინააღმდეგო პოლიტიკის შესაბამისად,  უსაფრთხოდ დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქებში, რათა ოჯახებთან ერთად აღნიშნონ გაზაფხულის დღესასწაული. უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ოჯახური შეკრების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველას ადგილზე აღნიშნონ დღესასწაული და თავი შეიკავონ “არააუცილებელი და არასასწრაფო მოგზაურობისგან”, რათა ახალი წლის პერიოდში შემცირდეს ხალხის მიმოსვლა და თავიდან ავიცილოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფექციის გავრცელების რისკები“ – აღნიშნა ელჩმა ლი იენიმმედიაცენტრ მთავართან“.

თავად ელჩი კი საქართველოში რჩება და საზეიმო განწყობისთვის ემზადება.

„ეპიდემიის და სამსახურის გამო, წელს მე და ჩემი გუნდი თბილისში ვრჩებით. ახალ წელს ოჯახებთან ერთად ვიდეო კომუნიკაციის საშუალებით აღვნიშნავთ და საელჩოს საახალწლო ორნამენტებით მოვრთავთ, საახალწლო ორტაეპედებს გავაკრავთ, ფარნებს დავკიდებთ, პელმენებს მოვახვევთ და ა.შ., რათა ჩვენი საელჩოს პატარა ოჯახში ჩინური საახალწლო სურნელი დატრიალდეს. 2022 წელი ჩინური მთვარის კალენდრით არის ვეფხვის წელი. ჩინურ კულტურაში ვეფხვი იღბლის, გამბედაობის და ჯანმრთელობის სიმბოლოა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა ჩვენს ქართველ მეგობრებს და საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს მივულოცო ჩინური ახალი წელი და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო. ყველას გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახში ბედნიერებას, ყველა სურვილის ასრულებას და ვეფხვის ძლიერებას!“ – აღნიშნა ელჩმა მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში.

“მედიაცენტრი მთავარი” ულოცავს ჩინელ ხალხს, ჩინეთის ელჩს და საელჩოს ყველა თანამშრომელს გაზაფხულის დღესასწაულს.   

 

მსგავსი თემები