„გული მწყდება, როცა ამბობენ, ჩვენ გავიქეცით და საქართველოს ვუღალატეთ“ – „ფესვები“ აშშ-ში

  •  

ესაუბრა ეკა გულუა

„დავბრუნდებოდი, თუ სტაბილურობას დავინახავდი. უნდა ვიცოდე, რომ ჩემს შვილები კარგად იქნებიან, მექნება სამსახური და სტაბილური შემოსავალი და ამ შემოსავლით ოჯახს შევინახავ“, – ეს ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალის, 4 შვილის დედის, ქართული სახლი – „ფესვების“ ხელმძღვანელის, შორენა ბარბაქაძის სიტყვებია.
შორენა საქართველოშიც მოცეკვავე იყო და ამერიკაშიც ამ საქმიანობას აგრძელებს. ემიგრაციაში ამერიკაში წარუმატებელი გასტროლების შედეგად აღმოჩნდა. გეგმამ და მიზანმა, რომ ანსამბლს წარმატებული ტურნე ექნებოდა და მიღებული შემოსავლით გზის ფულს მაინც დაფარავდნენ, არ გაამართლა. ვალებით დატვირთული ანსამბლის წევრები კი იძულებულები გახდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად დარჩენილიყვნენ. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ვალების გასასტუმრებლად მაქსიმუმ 2 წელი მოუწევდათ უცხო ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა, ეს 2 წელი კი 20 წელია გრძელდება.

შორენა ბარბაქაძე: „1998 წელს წავედი. მაშინ ანსამბლ „ვარაზის“ მოცეკვავე ვიყავი და ამერიკაში გასტროლებზე გავემგზავრეთ. წავედით ვალებით, რადგანაც იმედი გვქონდა, რომ გზის ხარჯებს ჩვენი კონცერტით დავფარავდით. ჩანაფიქრმა და გეგმებმა არ გაამართლა. ისე არ გამოვიდა, როგორც დაგეგმილი იყო და იძულებულები გავხდით დავრჩენილიყავით.

„მთავარი“: 90-იან წლებში, ურთულესი პირობების გამო, საზღვარგარეთ წასასვლელად სხვადასხვა ხერხებს იყენებდნენ. მათ შორის, ერთ-ერთი გზა იყო ცეკვის ანსამბლებში არამოცეკვავეების შეყვანა და ვიზების ამ გზით მიღება. დასარჩენად გამიზნულად წახვედით?

შორენა ბარბაქაძე: „ეს არ ყოფილა წასვლა გამიზნულად იქ დასარჩენად. გასტროლები ისე არ ჩატარდა როგორც უნდა ყოფილიყო და დაგვტოვეს ბედის ანაბარა, მოტყუებულები აღმოვჩნდით. მესმის, რომ ანსამბლის ხელმძღვანელობასაც არ ჰქონდა ეს მოლოდინი და სხვანაირად ფიქრობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. პირველი 3 თვე ურთულესი იყო. თავიდან ყველანი ვფიქრობდით, რომ მაქსიმუმ 2 წელი დავრჩებოდით, გარკვეულ თანხას დავაგროვებდით და უკან დავბრუნდებოდით. ამ პერიოდში, 1998-99 წლებში უცხოეთში დიდი ხნით სამუშაოდ არავინ მიდიოდა. ყველა ფიქრობდა, რომ 2-3 წელში უკან დაბრუნდებოდა.“

როგორც რესპონდენტი „მთავარს“ უყვება, ანსამბლის წევრებმა გადაწყვიტეს, ამერიკაშიც ის საქმე გაეგრძელებინათ, რაც მათ პროფესიასთან – შემოქმედებასთან იყო დაკავშირებული.

“3 თვის შემდეგ რომ დავინახეთ რეალობა, რომ ერთად და ცეკვით არაფერი გამოგვდიოდა, გავიფანტეთ. სხვადასხვა სამუშაოს ძებნა დავიწყეთ. ზოგმა რა იშოვა და ზოგმა – რა. ანსამბლში ჩემთან ერთად იყო ჩემი ამჟამინდელი მეუღლე, რომელიც მაშინ ჩემზე შეყვარებული იყო, თუმცა, მაშინ კი ვიცნობდი, ჩვენს ანსამბლში მღეროდა, წამოსვლამდე რამდენიმე კვრით ადრე გავიცანი. სანამ მოცეკვავეები გამოვიცვლიდით, უნდა ემღერათ. ჩვენი ოჯახი 7 თვის მერე შეიქმნა. სხვადასხვა შტატში მოგვიწია ცხოვრება, მაგრამ ნიუ იორკი ისე გვიზიდავდა, აქ დავმკვიდრდით“ – გვიყვება შორენა.

რამდენადაც იმ წლებში კომპიუტერული სისტემები და სოციალური ქსელები არ არსებობდა, მომძლავრებული ნოსტალგიის ფონზე, საჭიროება გაჩნდა, ემიგრაციაში იძულებით დარჩენილ ქართველებს რაღაც ქართული მოეფიქრებინათ და გაეკეთებინათ. ასე გაჩნდა იდეა, რომ ქართველო ბავშვებისთვის, ვინც ემიგრაციაში დაიბადა და იქ ცხოვრობდნენ, ქართული ხელოვნების გაკვეთილები შეექმნათ. ასე დაიწყო ემიგრანტებთან კლასების ჩატარება 2000 წელს.

შორენა: „თავდაპირველად, ქართულ ცეკვებზე გოგონებთან დავიწყე მუშაობა. ამერიკულ ეკლესიაში ადგილი გვქონდა გამოყოფილი და ტრაპეზის დასრულების შემდეგ გოგონებს ცეკვას ვასწავლიდით. ნელ-ნელა ბავშვები მომრავლდნენ. მათი საკომუნიკაციო ენა ინგლისური იყო, საუბარია ქართველ ბავშვებზე. მე და ჩემი მეუღლე ამას იმდენად განვიცდიდით, მხოლოდ ქართული ცეკვის სწავლება საკმარისად არ მიგვაჩნდა. 2000 წელს ჩემი პირველი შვილი დაიბადა და ფიქრი, რომ ჩემს შვილსაც შესაძლოა ქართული არ სცოდნოდა, გულს გვიკლავდა. ასე გაჩნდა იდეა „ქართული ფესვების“ დაფუძნების და დავიწყეთ ბავშვებზე ზრუნვა.

2011 წელს „ფესვები“ უკვე ცნობილი იყო და დავრეგისტრირდით კიდეც როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.“ „ფესვებმა“ ქართული ფესვები ამერიკაში თანდათანობით გაიდგა და დღეს იქ მცხოვრები ემიგრანტები ქართულად იმდენად გამართულად საუბრობენ, ვერც კი შეამჩნევთ, რომ უცხო ქვეყანაში არიან დაბადებულები. თუმცა, როგორც შორენა ამბობს, „ფესვები“ ამდენი წლის მიუხედავად ჯერაც არ დგას მყარად.

შორენა ბარბაქაძე: „ბავშვებს „ფესვებში“ მოსვლა უხარიათ, ვემსახურებით ქართულ საქმეს. ბავშვებს არა მხოლოდ ცეკვას, არამედ სიმღერას, ქართული ენას, ლიტერატურას ვასწავლით და მთლიანად ქართულ საქმეში ვიხარჯებით.“ „ფესვები“ ქართულ საქმეს არა მხოლოდ საზღვრებს გარეთ, არამედ საქართველოშიც აკეთებს. 2015 წელს, სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად „ფესვების“ 45 ბავშვი ჩამოვიდა და კონცერტი გამართა.

„ფესვების“ ხელმძღვანელმა „მთავართან“ საუბრისას გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეული კატეგორია მათ მოღალატეებად მოიხსენიებს. საუბარია, ემიგრაციაზე, რომლებიც წლებია ქვეყნიდან წასულია.

„გული მწყდება, რომ არის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ გავიქეცით საქართველოდან და ჩვენ ვუღალატეთ საქართველოს, რაც უსამართლობაა. იმას კი არ აღნიშნავენ, საქართველოში რამდენი ოჯახი გადავარჩინეთ. ეს მოღალატის სტატუსი უნდა შეიცვალოს. ვიცით, რომ სახელმწიფოს უჭირს და შესაბამისად, არაფერს ვითხოვთ. უბრალოდ, მეტი სითბო და მხარდაჭერა გვჭირდება. ბავშვებსაც უხარიათ, რომ ქართულ კვალს ინარჩუნებენ ამერიკაში. უხარიათ, რომ ერთმანეთს ხვდებიან და იქ თავიანთი პატარა საქართველო აქვთ“ – ამბობს რესპონდენტი.

​რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, გვეუბნება, რომ ამ საკითხზე დღესაც აქტიურად ფიქრობს და რეალურადაც ეჩვენება, რადგანაც, მისი და უკვე დაბრუნდა: „დაბრუნებას დღესაც ვფიქრობ, ჩემს შვილებთან ერთად. მთავარი რისკი კი არასტაბილურობა. 2 მთავრობა გამოვიცვალეთ და ალბათ კიდევ მოგვიწევს რამდენიმეს გამოცვლა. შიში მუდმივია – ერთი მთავრობა წავა და მიყვები, მეორე მოვა და მიგიღებენ, ახალი მოვა – შეიცვლება ვითარება. დავბრუნდებოდი, თუ სტაბილურობას დავინახავდი, უნდა ვიცოდე, რომ ჩემს შვილს არ მოშივდებათ, მექნება სამსახური და სტაბილური შემოსავალი და ჩემი შემოსავლით ოჯახს შევინახავ. ჩემს შვილებს ვერ შეამჩნევთ, რომ ამერიკაში დაბადებულ-გაზრდილები არიან, ისე სუფთად საუბრობენ ქართულად. ჩემი ოჯახის მაგალითზე დავამტკიცე, რომ თუ სურვილი და მცდელობაა, შესაძლებელია შეინარჩუნო შენი „ფესვები“.

წარმატებული ემიგრანტი ქალის ერთ-ერთი სურვილია, საკუთარი სტუდია საქართველოშიც გახსნას. საქართველოდან ამერიკაში ბავშვები წაიყვანოს, აჩვენოს და გააცნოს ამერიკული ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, რაც იქ ხდება, ბევრმა ბავშვმა უნდა ნახოს, უნდა იცოდნენ, როგორი კანონმორჩილები არიან, როგორია და რას ნიშნავს წესრიგი.

 

მსგავსი თემები