სამტრედიის იუსტიციის სახლი საბჭოთა ეპოქის დროინდელ შენობაში განთავსდება

სამტრედიას მალე, თანამედროვე სტანდატრების შესაბამისი იუსტიციის სახლი ექნება, რომელიც სამტრედიის დასავლეთ კარიბჭესთან, სანავარდოს უბანში, თამარ თავაძის სახელობის კოლმეურნეობის ყოფილი შენობაში განთავსდება. ​შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შენარჩუნდება ძველი იერსახე.

აღნიშნული შენობა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დარგის სპეციალისტებთან ერთად დღეს დაათვალიერა. მისი აზრით, არსებული შენობა და მისი მდებარეობა, ქალაქ სამტრედიისა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკმაოდ ხელსაყრელია.
“საკითხში აქტიურადაა ჩართული სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია და ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ეს საკითხი ჩაისვას,“ – განაცხადა მინისტრმა.

ადგილზე იმყოფებოდა ინჟინერ–კონსტრუქტორი, შპს “ახალსახლქალაქმშენპროექტის“ კონსტრუქციული განყოფილების უფროსი, შალვა დოლიძე. მისი განმარტებით, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები დაზიანებული არაა, ამიტომაც შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება.

მინისტრს ადგილზე დახვდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით სამტრედიელებისთვის აღნიშნული ტერიტორია ძალიან ხელსაყრელია და ადგილობრივი ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია პროექტის განხორციელების საქმეში.

მსგავსი თემები