მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა 27 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტები ერთმანეთს ხვალ, 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდებიან. მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას ისაუბრებენ, ეროვნულ თანხმობის იდეის გარშემო განვითარებული პროცესები და მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით მიმდინარე კონსულტაციები იქნება. როგორც ოპოზიციაში ამბობენ ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეხვდება მის წინამორბედს. სამწუხაროა, რომ საპატიმროში შედგება ეს შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის თვალსაზრისით ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა. ყველა აცხადებს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი და რეალურად რა შედეგს მოიტანს, ეს ცხადია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც მათ შორის არ ექვემდებარება არც სალომე ზურაბიშვილის კონტროლს და პირველ რიგში ეს არის ის პოლიტიკური განწყობა, რომელიც ექნება მმართველ პარტიას ამ პროცესთან მიმართებაში”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ასევე, როგორც ცნობილია, ხვალ გაიმართება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეხვედრაც.

 

მსგავსი თემები