საპატრიარქო, პრეზიდენტის რეზიდენცია თუ გორის ჰოსპიტალი, სააკაშვილისთვის ნებისმიერი ადგილი მისაღებია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი აცხადებს, რომ  მოსალაპარაკებლად მისთვის ნებისმიერი ადგილი მისაღებია, ეს იქნება საპატრიარქო, პრეზიდენტის რეზიდენცია თუ გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

როგორც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრას წინაპირობების გარეშე თანხმდება.

„მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი გამოთქვეს, შეხვედრა გაიმართოს საპატრიარქოში. თუმცა, მას შეუძლებლად მიაჩნია ტექნიკურად განხორციელდეს ეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია, ის არის პატიმრობაში. მან არ იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები. თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია, მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს“ – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ხერხეულიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის ერთადერთი სურვილია დაპირისპირების დასრულება.

„ნებისმიერი ლოკაცია მისაღებია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, დასრულდეს ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. ყველას მადლობას უხდის და ფიქრობს, რომ დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იქნება გაჟღერებული და მოქმედებაში მოიყვანოს ნებისმიერმა ინიციატორმა თავისი ინიციატივამ ვინაიდან ძალიან აგვიანდება ქვეყანას და მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მალე დაიწყოს“ – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა, ოპოზიციას და ხელისუფლებას შერიგება  შესთავაზა. შესარიგებელ ლოკაციად კი ეკლესია დაასახელა.

მსგავსი თემები