„2-3 კვირაა, ასაკოვანი ადამიანების ლეტალობა ჭარბობს“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განაცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, კოვიდინფიცირებული ასაკოვანი პაციენტების ლეტალობა გაზრდილია. როგორც ექიმმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, „მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ მოთავსებული 150 კოვიდინფიცირებულიდან, ზოგის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ზოგის – მძიმე, ზოგის კი კრიტიკული.

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 150 კოვიდინფიცრებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის და მძიმე. არიან კრიტიკული პაციენტებიც, თითოეული მათგანის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებო და პროგნოზულადაც რთულია. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ, ზოგადად, კლინიკებში გადატვირთულია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ყოველდღიურად ხდება მძიმე პაციენტების შემოდინება. ჩვენ გვაქვს 17 ადგილიანი რეანიმაცია და პრაქტიკულად მუდმივად არის სავსე“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ექიმი აცხადებს, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმე და რთულია.

„ბოლო 2-3 კვირის მონაცემებით, ძირითადად 80 წელს გადაცილებული პაციენტების გარდაცვალება ფიქსირდება კლინიკაში. მიზეზი არის დაავადების მძიმედ მიმდინარეობა, ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის დაგვიანებული შემთხვევაც შეიძლება იყოს, ასევე ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება, რომელიც ასაკოვან ადამიანებს აქვთ“,- განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები