„ქვეყანაში სამუშაო ადგილები არსებობს, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია“ – ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრემიერ მინისტრის ინციატივაზე, სოციალური პოლიტიკის შეცვლის საჭიროებაზე ისაუბრა. როგორც მელაძემ აღნიშნა, რეალურად, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არსებობს თუმცა, მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია.

„ის, რაც პრემიერმა განაცხადა, შეგვიძლია რამდენიმე კონტექსტში განვიხილოთ. პირველია  დროებითი საზოგადოებრივი სამუშაო. ის გამოიყენება სპეციფიკური, მათ შორის, სახელმწიფოს პროგრამების განხორციელების დროს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვითა და მათი ჩართულობით. მეორე საკითხია, გვაქვს თუ არა სამუშაო. რეალურად, დღეს ქვეყანაში გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს მექანიზმები, რომელიც გულისხმობს შრომის ბაზრის რეგულირებას, სამუშაო ძალის მომზადებისა და მიწოდების მთელ სისტემას. ეს მექანიზმი ძალიან დასახვეწი და კარგად ჩამოსაყალიბებელია. ცხადია ეს უკავშირდება სოციალურ გარანტიებს“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, მთავარია სისტემის სწორად ჩამოყალიბება და ადამიანებში მოტივაციის გაჩენა.

„უნდა ვისაუბროთ რა მექანიზმით იქნება დარეგულირებული მოთხოვნა-მიწოდების ბაზარი. უნდა გაჩნდეს მოტივაცია, რომ ადამიანი, რომელიც სახლში ზის, ეძებოს სამსახური. ეს არ უნდა იყოს ისე, რომ მე მაინც მაქვს დახმარება და ამის იმედად ვზივარ. არ უნდა გაჩნდეს მოტივაცია იმისა, რომ ადამიანმა აიღოს სოციალური დახმარება. პრემიერის ინიციატივა სწორია, მივესალმებით ამას და მეტიც მხარსაც დავუჭერთ მის განხორციელებას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შექმნას მოტივაცია სოციალურად დაუცველთაგან ვისაც აქვს მუშაობის უნარი, იმუშაოს“, – განაცხადა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები