“ოპოზიციას სრული ფიასკო აქვს განცდილი, იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი” – ირაკლი ქადაგიშვილი

ამ წუთებში პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იწყება. საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს პარლამენტში შესული ოპოზიცია, მმართველ გუნდში ოპონენტებს პასუხობენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის სიტყვებს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, დამტკიცება სჭირდება და საგამოძიებო კომისიასაც სწორედ ეს ფუნქცია ექნება. 

“ჩვენს პარტნიორებს გავაცნობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ არაერთი საჯარო მოწოდება გავაკეთეთ რომ ოპოზიცია ამ საქმიანობაში ჩაერთოს. რასაც ისინი ამბობენ, რომ იყო უხეში დარღვევები, ამას კი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა სჭირდება. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მათი მხრიდან არ გამოითქვა სურვილი ამ პროცესში მონაწილეობის კუთხით,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე. 

“ქართული ოცნების” წევრებისთვის ასევე წარმოუდგენელია ის, რომ ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე.

ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას ფიასკო აქვთ განცდილი და იქედან გამოსავალი არ აქვთ.

“წარმოგიდგენიათ, რომ ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მუშაობაზე? ანუ სრული ფიასკო აქვთ განცდილი და აქედან გამოსავალი არ აქვთ. იმალებიან, ჩირგვებში აქვთ თავი ჩაყოფილი. კომისიაზე, რომელმაც უნდა გამოიძიოს თამარ ჟვანიადან დაწყებული ნებისმიერ მოხელის დანაშაული და გადაცდომა, ამას ემალებიან. აქედან გამომდინარე მათ სათქმელი არც არაფერი აქვთ,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღეს, კომისიის წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და არჩევნებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მსგავსი თემები