ხორავას ქუჩის საქმის გამო, შესაძლოა განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც გაჩნდეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 6 თვის წინ მომხდარი 2 მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,  შესაძლოა განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნაც გაჩნდეს. მოკლული არასრულწლოვანი, დავით სარალიძის მშობლებისთვის გაუგებარია განათლების სამინისტროს პოზიცია და ის, თუ, მომხდარის გამო ეს უწყება არავითარ პასუხისმგებლობას რატომ არ კისრულობს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძე განუცხადა, დაზარალებული მხარისა და მთელი საზოგადოების მოთხოვნაა, N 51-ე სკოლის დირექციას პასუხი გაეცა იმ კითხვებზე, რაც ბოლო დღეებში გაისმის.

” მთელი ამ ხნის განმავლობაში მოვითხოვდით, სკოლის დირექციას ხმა ამოეღო იმ სიბინძურეზე, რაც მოკლული მოზარდის მისამართით ვრცელდებოდა. სკოლის დირექტორი ახლა რატომ ალაპარაკდა ვერ გეტყვით, მაგრამ დაგვიანებულად ალაპარაკება რომ იყო, ნამდვილად ვიტყვი“, – ასეთია ზაზა სარალიძის პოზიცია, რომელსაც მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე „მთავართან“ საუბრისას აჟღერებს.

დაზარალებული ოჯახი ამ ეტაპზე განათლების მინისტრის გადადგომის საკითხს არ სვამს, თუმცა, გამორიცხული არ არის, ეს მოთხოვნაც გაჩნდეს. როგორც ნესტან ლონდარიძემ, „მთავარს“ განუცხადა: „დღეს, ჯერჯერობით, ამ ეტაპისთვის ოჯახი საკითხს ასე არ აყენებს, თუმცა, გამორიცხული არაფერია. დღეს მხოლოდ საკითხის შესწავლასა და შეფასებას ვითხოვთ“.

„სკოლას უფრო ადრე უნდა მოეხდინა მიმდინარე პროცესებზე რეაქცია, უფრო მეტიც, პასუხები უნდა ჰქონოდა ყველაფერზე. გარდა ამისა, საერთოდ გაუგებარია, სად არის განათლების სამინისტრო, დღემდე რატომ არ ჩანს, რატომ ვერ ვხედავთ მის რეაქციას. საერთოდ ჩატარდა რაიმე სახის მოკვლევა? რა გამოავლინეს? რა ნაბიჯები გადაიდგა?“ – ეს ის კითხვებია, რომელსაც მოკლული დავით სარალიძის მამა სვამს.

დადგება თუ არა განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, თავად ამ სისტემის ქმედებებზეა დამოკიდებული, რასაც ოჯახი თვეებია ელოდება.

 

მსგავსი თემები