ჟურნალისტის კითხვაზე, საარჩევნო ბარიერის შემცირება ხომ არ არის მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ვაჭრობა ახლა, როდესაც ეს საკითხი იყო 19 აპრილის შეთანხმების თემა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი კანონის მიღების ვალდებულება ხელისუფლებას არ აქვს, შესაბამისად აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ ვაჭრობად ვერ ჩაითვლება.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და მზად ვიყავით, განგვეხორციელებინა შესაბამისი ცვლილებები, თუმცა ამის შემდეგ გავიდა 100 დღე, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა რამდენიმე სატელიტმა ხელი არ მოაწერეს, აქედან გამომდინარე, მოხდა შეთანხმების ანულირება. დღეს არ გვაქვს არავითარი ვალდებულება და ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ ევროკავშირის წინაშე, როგორც კი ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, იქიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ ამ ცვლილებებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვაჭრობას, მით უმეტეს ევროკავშირთან ამ თემაზე სავაჭრო არც ჩვენ გვაქვს და არც მათ აქვთ არაფერი, აქ არის საუბარი ერთ მარტივ რამეზე, თუ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არ მიენიჭება, ამ შემთხვევაში გაიზრდება რა თქმა უნდა, პოლარიზაცია, თუ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას მიენიჭება პოლარიზაცია შემცირდება. პირდაპირი კავშირი არსებობს დაბალ ბარიერსა და პოლარიზაციის დაბალ ხარისხს შორის. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია ლოგიკა, თუ შემცირდება პოლარიზაცია კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ეს მოგვცემს საშუალებას, დავაწესოთ დაბალი ბარიერი“, – განაცხადა კობახიძემ.