,,ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვაჭრობას”- ირაკლი კობახიძე საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე

ჟურნალისტის კითხვაზე, საარჩევნო ბარიერის შემცირება ხომ არ არის მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ვაჭრობა ახლა, როდესაც ეს საკითხი იყო 19 აპრილის შეთანხმების თემა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი კანონის მიღების ვალდებულება ხელისუფლებას არ აქვს,  შესაბამისად აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ ვაჭრობად ვერ ჩაითვლება.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და მზად ვიყავით, განგვეხორციელებინა შესაბამისი ცვლილებები, თუმცა ამის შემდეგ გავიდა 100 დღე, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა რამდენიმე სატელიტმა ხელი არ მოაწერეს, აქედან გამომდინარე, მოხდა შეთანხმების ანულირება. დღეს არ გვაქვს არავითარი ვალდებულება და ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ ევროკავშირის წინაშე, როგორც კი ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, იქიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ ამ ცვლილებებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვაჭრობას, მით უმეტეს ევროკავშირთან ამ თემაზე სავაჭრო არც ჩვენ გვაქვს და არც მათ აქვთ არაფერი, აქ არის საუბარი ერთ მარტივ რამეზე, თუ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არ მიენიჭება, ამ შემთხვევაში გაიზრდება რა თქმა უნდა, პოლარიზაცია, თუ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას მიენიჭება პოლარიზაცია შემცირდება. პირდაპირი კავშირი არსებობს დაბალ ბარიერსა და პოლარიზაციის დაბალ ხარისხს შორის. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია ლოგიკა, თუ შემცირდება პოლარიზაცია კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ეს მოგვცემს საშუალებას, დავაწესოთ დაბალი ბარიერი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

მსგავსი თემები