ბაღებისა და სკოლების ავტორიზაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც  აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ავტორიზაციას და ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს.

2022 წლის 1 ივლისიდან იწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე:

●      საქმიანობდა როგორც ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულება ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება;

●      ახორციელებდა სასკოლო მზაობის პროგრამას.

რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძველს, ვიდრე დაწესებულება გაივლის ავტორიზაციას კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველი ერთიანი ბაზა შეიქმნება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ინსტიტუციების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული სერვისის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას.

მსგავსი თემები