სალომე ზურაბიშვილს არ ეყოლება უშიშროების საბჭო, დამოკიდებული იქნება მთავრობაზე – ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, სალომე ზურაბიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლება არ ექნება. მას ასევე არ ეყოლება სათათბირო ორგანო უშიშროების საბჭოს სახით. დასუსტდა პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, როგორც საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლის, როგორც პრეზიდენტის და, როგორც მთვარსარდლის; პრეზიდენტი უფლებამოსილია, საერთაშორისო მოლაპარაკებები მხოლოდ მთავრობის თანხმობით აწარმოოს.

როგორც ვახტანგ ხმალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის უფლებამოსილებები სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვანაირად არის განსაზღვრული. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მოდელში არაფერი უცნაური არ არის.

მისივე თქმით, არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს უფრო ფართო უფლებამოსილება აქვს, მაგრამ არა აღმასრულებელი მიმართულებით და ზოგან კი, უფრო ნაკლები.

“პრეზიდენტს გარკვეულ უფლებამოსილებებს დავუტოვებდი, მაგრამ უცნაური ამაში არაფერია. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფლებამოსილია, მთავრობის თანხმობით აწარმოოს საერთაშორისო მოლაპარაკებები და დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები. საპარლამენტო რესპუბლიკებში, მიუხედავად იმისა, ასეთი ნორმა წერია თუ არა კონსტიტუციაში, იქაც კი პრეზიდენტები თავიანთ უფლებამოსილებას მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებენ, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკებში საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს პარლამენტი, ხოლო აღასრულებს მთავრობა. ეს ორი ინსტიტუტია პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მისივე განმარტებით, საშინაო თუ საგარეო პროცესებში პრეზიდენტი მონაწილეობს იმ დოზით, რაც საჭიროა კონკრეტული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. “ზოგჯერ უმჯობესია, საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს პრეზიდენტი, ზოგჯერ კი ჯობს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრმა აწარმოოს”, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდი მოულოდნელობებითა და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით გამორჩეული იქნება.

 

მსგავსი თემები