აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში დღეიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდება 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში, სადაც წლების წინ აშშ-ს საელჩო იყო განთავსებული, მუშაობას დღეიდან შეუდგება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელის შიდა ნაწილში სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის, პრეზიდენტი საქმიანობას დროებით ადმინისტრაციულ ფლიგელში შეუდგება.

როგორც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აცხადებს,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფლიგელში ინტერნეტი უკვე გაყვანილია. ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადმოიტანენ კომპიუტერულ ტექნიკას. თუმცა, ავლაბრის რეზიდენციაში ნაწილობრივ შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის.

“ყველაფერი ნელ-ნელა, წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირებაში პრობლემა არ შეიქმნას”,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

​სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე, მაგრამ პირველი ქალი პრეზიდენტია. ქართველმა ამომრჩეველმა მას ნდობა, 2018 წელს, ორ ტურად ჩატარებულ არჩევნებში გამოუცხადა. საპრეზიდენტო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება 16 დეკემბერს, თელავში, მეფე ერეკლე II -ს სასახლის ეზოში გაიმართა.

მსგავსი თემები