კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, სალომე ზურაბიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლება არ ექნება. მას ასევე არ ეყოლება სათათბირო ორგანო უშიშროების საბჭოს სახით. დასუსტდა პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, როგორც საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლის, როგორც პრეზიდენტის და, როგორც მთვარსარდლის; პრეზიდენტი უფლებამოსილია, საერთაშორისო მოლაპარაკებები მხოლოდ მთავრობის თანხმობით აწარმოოს.
როგორც ვახტანგ ხმალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის უფლებამოსილებები სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვანაირად არის განსაზღვრული. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მოდელში არაფერი უცნაური არ არის.
მისივე თქმით, არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს უფრო ფართო უფლებამოსილება აქვს, მაგრამ არა აღმასრულებელი მიმართულებით და ზოგან კი, უფრო ნაკლები.
რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდი მოულოდნელობებითა და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით გამორჩეული იქნება.