წვრილმან ხულიგნობისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის „გირჩის“ 2 წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გირჩის“ წევრები, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებასთან დაკავშირებით „მთავარი“ შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიციის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა. სამართალდამცველებმა იგი, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „გირჩის“ წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 1982 წელს დაბადებული ი.ხ. და 1972 წელს დაბადებული ვ.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, „უსინდისო ტყუილს“ უწოდებს. „პოლიციამ ჩვენი ორი ლიდერი დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდნენ აგრესიულად მომუშავე პოლიციელებს არ დაეკავებინათ უდანაშაულო ადამიანი“ – აცხადებს ჯაფარიძე.

პოლიტიკური პარტია “გირჩის” დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

მსგავსი თემები