რუსთავი თბილისს მეტროთი დაუკავშირდება  

თბილისში ახალი მეტროსადგურები აშენდება. მეტროპოლიტენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ქალაქ რუსთავშიც შეიქმნება და შესაძლოა რუსთავი დედაქალაქს მიწისზედა მეტროთი დაუკავშირდეს.

​როგორც პ​რემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის – „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე განაცხადა, შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით შესაძლებელია თბილისში, კერძოდ, სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურების აშენება, ხოლო პერსპექტივაში, ამ ხაზის მეშვეობით შესაძლებელი იქნება  რუსთავის თბილისთან მეტროთი დაკავშირება.

“გამოვიყენებთ შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქ რუსთავიც შესაბამისი ინფრასტურქტურით ჩავაბათ თბილისის მეტროს. ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტროავტომობილების პოპულარობა იზრდება”, – აცხადებს პრემიერია.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას საქართველოს ეკონომიკისთვის თავისი, კონკრეტული უპირატესობები აქვს.

​”რაც უფრო მეტ ელექტრომობილს შემოვიყვანთ საქართველოში და უფრო სწრაფი ტემპით ჩავანაცვლებთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს, უფრო მეტ დოვლათს შევქმნით ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მაცხოვრებლები იქნებიან უფრო დიდი ქონების მფლობელები; საქართველოში განვავითარებთ უფრო ძვირადღირებულ ტურიზმს. საბოლოო ჯამში, მოხდება ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი კაპიტალიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები