ლილო და აეროპორტი თბილისის ცენტრალურ ნაწილს მეტროთი დაუკავშირდება

თბილისის მერია, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, 2019 წლიდან, დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტს იწყებს. მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს და თბილისის საერთაშორისო  აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებს და აღნიშნულ მარშრუტზე დაახლოებით 8 ახალი მეტროსადგური  აშენდება.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე დღეს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიწისზედა მეტროს პროექტის განსახორციელებლად 90 მილიონი აშშ. დოლარი დაიხარჯება. აქედან, დაახლოებით 30 მილიონ აშშ. დოლარი, მეტროს მოძრავი შემადგენლობის, ვაგონების ღირებულებაა, ხოლო დანარჩენი – ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გათვლილი.

​პირველ ეტაპზე, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ექვსი სრულიად ახალი შემადგენლობა იმოძრავებს. თავდაპირველად, მოცდის შუალედი ათი წუთი იქნება, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, თბილისის მერია მოძრავ შემადგენლობებს შორის მოძრაობის შუალედის შემცირებასა და ვაგონების რაოდენობის გაზრდაზეც იზრუნებს.

მისივე ინფორმაციით, პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალი მიწისზედა მეტრო 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება და ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, ჯამში ეს ყველაფერი რეალურად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ქალაქში დამკვიდრდეს წესრიგი, შეიქმნას სუფთა გარემო და კომფორტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე. ეს არის ის მიმართულება, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მგონია, რომ იმ პროექტებით, კონკრეტულად კი, მიწისზედა მეტროს მშენებლობით, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება, თითოეული თბილისელი იამაყებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მსგავსი თემები