“ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე ახალაიას და დგებუაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები, შსს -ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და იმავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა” დამნაშავედ იქნენ ცნობილნი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ა“ და “თ“ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 12 იანვარს, თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე დათა ახალაიამ და გია დგებუაძემ, იმავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად “ნავთლუღის” ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, 17 წლის შოთა გორგაძის, 22 წლის მარად ართმელიძისა და 20 წლის რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების  გადამეტება ედება.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, დათა ახა­ლა­ი­ამ სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი შოთა გორ­გა­ძის, ხოლო გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ რო­მან სურ­მა­ნი­ძის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს. ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. ძებნილი დგებუაძის საქართველოში ექსტრადაცია ნიდერლანდების სამეფოდან განხორციელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სასჯელის სახედ და ზომად, სასჯელთა შთანთქმისა და ამნისტიის გამოყენების შემდეგ საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა დგებუაძისთვის წარდგენილი ბრალდება და სასჯელის სახედ და ზომად, სასჯელთა შთანთქმისა და ამნისტიის გამოყენების შემდეგ საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

ბრალდების კიდევ ერთი მოწმე ნათელა წიქარიშვილი, რომელიც ირიბი მოწმეა ყვება, რომ 2013 წელს მას მეუღლემ გარდაცვალებამდე, ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალები მოუყვა: “ჩემი მეუღლე ალექსი წიქარიშვილი 2006 წელს მუშაობდა ნავთლუღის ავტოსადგომთან მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე. 12 იანვრის ღამეს მუშაობდა როდესაც სახლში დაბრუნდა მითხრა რომ შეიარაღებული პირები 3 ახალგაზრდას მისდევდნენ. ბიჭები ითხოვდნენ შველას და ჩაცხრილეს. არ უთქვამს, რომ იარაღი ახალგაზრდებსაც ჰქონდათ და ისინიც ისროდნენ”, – აცხადებს წიქარიშვილი.

მსგავსი თემები