პროკურატურა ამ საქმეს ვერ მოიგებს – შალვა ხაჭაპურიძე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაზე

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პროკურატურა არ უნდა დასჯერდეს მხოლოდ იმ ჩანაწერებს, რაც ​ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით გასაჯაროვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა ამ საქმეს ვერ მოიგებს.

​მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა, 2016 წელს, როცა გამოძიებას ეს ინფორმაცია ჩაუვარდა ხელში, მაშინვე მოეხდინა რეაგირება და პატარკაციშვილის გარემოცვა გამოეკითხათ.

​როგორც ადვოკატი აცხადებს, უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილს არაერთი ინფორმაცია ჰქონდა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, ამის სატელევიზიო არქივიც არსებობს, რომელიც უნდა ამოიღონ, ასევე, გამოიკითხონ პატარკაციშვილის შტაბის წევრები და მისი თანაგუნდელები.

“მგონი მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ვამტკიცებდი და ვიძახოდი, რომ ბადრი პატარკაციშვილი იყო მოკლული. თუმცა, ამის წინააღმდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიდიოდა, გარკვეულ ნაწილს არ სჯეროდა. მე იმდენად ღრმად ვიცნობდი ამ საქმის დეტალებს, რომ პროკურატურის გუშინდელი განცხადება იყო ჩემთვის გამაოგნებელი და არადამაკმაყოფილებელი. ბადრი პატარკაციშვილს თავის დროზე ბრალი წარედგინა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით და მასთან ერთად ვალერი გელბახიანს. პატარკაციშვილის ოჯახმა ამ საქმისადმი ინტერესი დაკარგა და შემომითვალეს, რატომ აცხადებ, რომ ბადრი მოკლულიაო. ამის შემდეგ გაგრძელდა ქონებრივი დავა სხვა ადვოკატის დახმარებით და პატარკაციშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი კუთხით დავა შეწყდა. იგივე ბრალდებით წარიმართა სასამართლო პროცესი გელბახიანის მიმართ და დღემდე ვითომ განხილვის სტადიაშია. ბადრი პატარკაციშვილი კი არ გამართლდა, მისი გარდაცვალების გამო შეწყდა სისხლის სამართლის საქმე”, – აცხადებს პატარკაციშვილის თანამებრძოლი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ .

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც იკვეთება, რომ ბიზნესმენის მკვლელობისთვის მისი დაცვის თანამშრომელთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. პირველ აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე („მასტერა“) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს. ჩანაწერის მიხედვით, დგებუაძე ამბობს, რომ საქმე მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილის დონეზეა გადაწყვეტილი და აუცილებლად განხორციელდება. დგებუაძე ინტერესდება  მზარეულების შესახებ ინფორმაციითა და შენობის სქემით, თუ როგორ შეიძლება იქ შეუმჩნევლად შეღწევა.

 

მსგავსი თემები